sulakauri.gebaneri

საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობის ისტორია გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულს – ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში – იწყება. გამომცემლობის დამფუძნებელი, ბაკურ სულაკაური, მთარგმნელი იყო, რომელმაც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში თავისი თარგმნილი წიგნის გამოცემა განიზრახა და სწორედ ამით შეიძინა პირველი საგამომცემლო გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ მან მოგვიანებით საგანმანათლებლო სფეროში გადაინაცვლა, 1999 წელს დაფუძნებული გამომცემლობა კვლავ მის სახელს ატარებს და რჩება ლიდერად ქართულ საგამომცემლო ბაზარზე.

თავისი არსებობის განმავლობაში „სულაკაურის გამომცემლობამ“ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგამომცემლო პროექტი განახორციელა, ბევრი ტექნოლოგიური ინოვაცია დანერგა, ბევრი ქართველი და უცხოელი ავტორი გააცნო მკითხველს, მაგრამ მთავარი, რითაც გამომცემლობის მაღალპროფესიონალური გუნდი ამაყობს – მის მიერ გამოცემული წიგნების მაღალი ხარისხია.

ჩვენ ვართ ლიდერები ქართულ საგამომცემლო საქმეში და ჩვენ მიერ გამოცემულ თანამედროვე ქართველ ავტორებს კითხულობენ არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოცზე მეტ სხვადასხვა ენაზე. ჩვენი ავტორები იმარჯვებენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსებში; არაერთი მათგანი ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას” მრავალგზის ლაურეატია.

„სულაკაურის გამომცემლობა“ “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და   თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი პირველი ინიციატორია. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს პირველი საავტორი კოლექტიური სტენდი სწორედ ჩვენი ორგანიზებით მოეწყო 2007 წელს და იმავე წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მოსაპოვებლად.

ჩვენ რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას როგორც საქართველოში გამართულ, ისე საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს – როგორიცაა მაგალითად “ყველაზე წიგნიერი” – ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბავშვებისა და მოზარდების წიგნიერების ამაღლებისა და მათი მკითხველებად ჩამოყალიბების საქმეში.

სულაკაურის გამომცემლობას მკვეთრად ჩამოყალიბებული საგამომცემლო პრიორიტეტები აქვს, კერძოდ: საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, თანამედროვე და კლასიკური პროზა, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ლიტერატურა. ჩვენ მიერ გამოცემული წიგნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა და მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ჩვენს ბრენდულ მაღაზიებში.

მაღალმხატვრული ღირებულების, საინტერესო, მრავალფეროვანი ლიტერატურა, ინოვაციური პროექტები და საგანმანათლებლო წიგნები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რაც სრულად ამართლებს გამომცემლობის სლოგანს – წიგნები მთელი ოჯახისათვის!

myschooleduge

myschool.edu.ge საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც სწავლისა და სწავლების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა.

პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომლებიც სკოლებში სასწავლო პროცესის მარტივად და ეფექტურად წარმართვას განაპირობებს; კერძოდ:

  • ონლაინგაკვეთილებს;
  • ელექტრონულ ჟურნალს;
  • ინტერაქტიულ სახელმძღვანელოებს.

პლატფორმა დაეხმარება მასწავლებლებს, იმუშაონ მოსწავლეებთან როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად; მისცემს საშუალებას, შექმნან და სისტემაში ატვირთონ თავიანთი მასალა; თვალი ადევნოს მოსწავლეების პროგრესსა და შედეგს, რაც როგორც თითოეული მოსწავლის, ისე მთელი სასწავლო პროცესის საბოლოო შეფასებასაც გაუადვილებს.

მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან მუდმივად განახლებადი ინტერაქტიული მასალით და კომპლექსური დავალებების შესასრულებლად საჭირო ერთ სივრცეში თავმოყრილი ყველა რესურსით; დისტანციური სწავლებისას კი პლატფორმის მეშვეობით იოლად შეძლებენ ურთიერთობას თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან.

MySchool მშობლებს აძლევს საშუალება, მუდმივად ადევნონ თვალი შვილის სასკოლო ცხოვრებას (სწავლას, აქტივობებს და ა.შ.)

MySchool შექმნილია ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით და უზრუნველყოფს მოსწავლეების უსაფრთხოებასა (დისტანციური სწავლების პირობებში) და პირადი ინფორმაციის დაცვას.

litelchige

„სულაკაურის გამომცემლობა“ ცნობილია გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის წიგნებით. ჩვენს პროდუქტს არა მხოლოდ წიგნის მაღაზიებში შეხვდები. ჩვენი წიგნების თარო ალბათ მარკეტში, კაფეში, სათამაშოების მაღაზიაში, აფთიაქში, გასართობ ცენტრში, აპლიკაციაში ან ვებგვერდებზე გინახავს. ასეთი ადგილების სია დაუსრულებელია, დღითიდღე იზრდება და არასდროს არის საკმარისი. წიგნი შეიძლება გაიყიდოს ყველგან. იდეები შეუზღუდავია.

თუ ხარ იურიდიული პირი, გაქვს თუნდაც მცირე ბიზნესი, შეგიძლია, დაამყარო გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობა წარმატებულ კომპანიასთან. „სულაკაურის გამომცემლობა“ გაძლევს შესაძლებლობას, გაავრცელო წიგნის სიყვარული: გახდე ლიტერატურის ელჩი და გაყიდო ჩვენი წიგნები.
გახდი „სულაკაურის გამომცემლობის“ პირდაპირი გაყიდვების ჯგუფის წევრი და მიიღე შენზე მორგებული პირობები. შენ არ გჭირდება სპეციალური განათლება გაყიდვების სფეროში. მთავარია, გიყვარდეს ჩვენი წიგნები.

  • განავითარე შენი ბიზნესი წარმოუდგენლად მცირე ინვესტიციით.
  • დაასაქმე ოჯახის წევრები თუ მეგობრები.
  • მიიღე წიგნები ფასდაკლებით და საჩუქრები თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე.
  • თავად შეადგინე სამუშაო გრაფიკი.
  • გახდი წარმატებული კომპანიის ნაწილი, რომელიც გამოსცემს 300-მდე წიგნს წელიწადში.
  • ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა.
rightssulakaurige

სულაკაურის გამომცემლობა დაარსების დღიდან არაერთ უცხოურ გამომცემლობასთან თანამშრომლობს. დღემდე ჩვენი წიგნები თარგმნილია 20-მდე ენაზე. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამარტივების მიზნით, შევქმენით ვებგვერდი – rights.sulakauri.ge, ესაა ერთგვარი ონლაინ კატალოგი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია ქართველი ავტორებისა და წიგნების შესახებ.

ვებგვერდის საშუალებით უცხოელი გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები ჩვენ მიერ გამოცემული ქართული წიგნების შესახებ საჭირო ინფორმაციას მარტივად მოიძიებენ, რაც ჩვენი ავტორების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.