Description
მათემატიკა 7 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი ისეა შედგენილი, რომ სრულად უზრუნველყოფს ამ საფეხურზე მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზნების და ამოცანების გახორციელებას.
მე-7 კლასში მათემატიკის სწავლების მთავარი ამოცანაა მოზარდში აზროვნების უნარის განვითარება, ლოგიკური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მათემატიკის იმ „ანბანის“ ათვისება და გათავისება, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი ცოდნა.
მათემატიკა 7 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი მოიცავს პარაგრაფებს, რომლებსაც ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.
ისინი ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო – მეორე მხრივ, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.
არასტანდარტულად დასმული ამოცანა ან შეკითხვა მოსწავლის მხრიდან იწვევს ერთგვარ შიშს, თუ ის ამას მიჩვეული არ არის.
ამგვარი ამოცანების დაძლევა და სირთულეების გადალახვა მოსწავლეში ზრდის თავდაჯერებულობას, აცხოველებს ინტერესსა და მათემატიკის სიყვარულს.
ამის გათვალისწინებით, მე-7 კლასში მოსწავლის წიგნში შევიდა არასტანდარტული ამოცანები. მათი დაძლევა მეშვიდეკლასელებს აღარ გაუჭირდებათ, ვინაიდან წინა კლასებში უკვე ასრულებდნენ მსგავს დავალებებს მასწავლებლის მითითებით.
ამოცანები საშუალებას იძლევა, მასწავლებელს ხელთ ჰქონდეს სამუშაო იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც კლასთან შედარებით უფრო სწრაფად ითვისებენ მასალას.
ზემოხსენებული ამოცანები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, პრობლემებისადმი სხვადასხვა მიდგომას.
მათი ხშირად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში ხელს შეუწყობს მათემატიკურ წრეებში მუშაობას (თუ ასეთი წრეები არსებობს სკოლაში) ან ნაწილობრივ მაინც შეასრულებს ამ ფუნქციას, წრის არარსებობის შემთხვევაში.
მასწავლებელს თავადაც შეუძლია, შეადგინოს მსგავსი ამოცანები მოცემული ნიმუშების მიხედვით. ამ ამოცანათა ამოხსნის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხედვა დაეხმარება მასწავლებელს და შესძენს არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ხერხების გამოყენების გამოცდილება.
ეს ცალსახად ხელს შეუწყობს მის პროფესიულ განვითარებას.
მეთოდიკა
პარაგრაფის სტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. ყოველი პარაგრაფი იწყება მოსწავლეებისთვის (ინდივიდუალურად ან წყვილებში) განკუთვნილი დავალებით.
მათი გადაწყვეტის შემდეგ მოზარდი მზადაა ახალი მასალის ასათვისებლად, რომლის გააზრებასა და ათვისებას ხელს უწყობს პარაგრაფში ჩართული „ინდივიდუალური კითხვები“.
ეს კითხვები პარაგრაფში რამდენიმე ადგილას გვხვდება (იმის მიხედვით, თუ რამდენად ითხოვს ამას პარაგრაფში გადმოცემული მასალა).
ამავე დროს, მოსწავლესა და მასწავლებელს ეხმარება იმის შეფასებაში, თუ რამდენადაა ათვისებული და გააზრებული ესა თუ ის თემატური მომენტი.
მოსწავლის წიგნში მრავლადაა სხვადასხვა აქტივობის შემცველი დავალებები: პროექტი, პრაქტიკული სამუშაო…
პარაგრაფის ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარებას, სადაც მასწავლებელი არ არის მასალის გადმომცემი და მოსწავლე – პასიური მსმენელი.
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში. ყოველი დასკვნა, განმარტება და წესი ყალიბდება მოსწავლეებისა და მასწავლებლის ერთობლივი ძალისხმევით.
ყოველ თავს ახლავს ერთი ან ორი „ტესტი თვითშემოწმებისთვის“, რომელთა დანიშნულებაცაა არა მხოლოდ ტესტში მოცემული დავალებების შესრულება, არამედ მოსწავლის მიერ საკუთარი თავის შეფასება.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ