აღწერა
ავტორებისგან
ეს სერია შექმნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის წიგნიერების უნარის გასავითარებლად. წიგნიერება ფართო ცნებაა და თავის თავში გულისხმობს წაკითხულის გაგების, გააზრების, შემოქმედებითობის, არგუმენტირებული მსჯელობის, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, წიგნიერების საშუალებით მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების და სხვათა ერთობლიობას. ბავშვის წიგნიერების დონის განვითარებაზე დიდწილადაა დამოკიდებული მისი მომავალი.
მოცემული რესურსი ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებას. მასში თავმოყრილი სხვადასხვა ტიპის სახალისო დავალებები დაეხმარება ბავშვებს, ისწავლონ დაკვირვება, დასკვნების გამოტანა, განივითარონ ფანტაზია, მიეჩვიონ დამოუკიდებლობას.
სავარჯიშოები ასევე ეხმარება მოსწავლეებს, სისტემურად განივითარონ დაკვირვების, ძიების, განსჯის, ემოციების ამოცნობისა და მათი მართვის უნარები. პრაქტიკული და ინტელექტუალური სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას და სახალისო სავარჯიშოებით ბუნებრივი ბავშვური ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობად გარდაქმნას. უფროსები კი შეძლებენ ნათლად დაინახონ, კონკრეტულად რა მიმართულებით საჭიროებს ბავშვი დახმარებასა და დამატებით მუშაობას.
რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც სკოლაში, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ასევე – სახლში, მშობლის ჩართულობით. პედაგოგისა თუ მშობლის როლი უფრო პასიურ საყრდენს ითვალისწინებს, ვიდრე წარმმართველ ძალას, ის უფრო მხარდამჭერი და ხელშემწყობია და ეხმარება მოსწავლეს სწორი გზის პოვნაში, არ გასცემს დირექტივებს და აჩვევს თავისუფლებას.
გისურვებთ წარმატებას!