ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო

კატოს ყველაზე მეტად საკუჭნაოში შეჭყეტა უყვარს. ხის თაროებზე ჩამწკრივებულ მურაბის ქილებს შეჰყურებს და ნატრობს, მალე მოვიდეს ზამთარი, რადგან დედამ გააფრთხილა, მურაბებს ზამთრისთვის ვინახავ, ზამთარში უფრო გემრიელიაო.
ერთ დღესაც, როცა დედა სამსახურში წავიდა, გოგონამ საკუჭნაოს კარი ფრთხილად შეაღო. იმის შიშით, არ დამაბეზღოსო, მურაბა პატარა ძმას, ნიკოსაც შესთავაზა. ოთახში შეკეტილმა ბავშვებმა მთელი ქილა ბლის მურაბა შესან­სლეს და პირდათხვრილები გულიანად იცი­ნოდნენ.
– კატო, ნიკო, სად ხართ? – მოულოდნელად გაისმა დედის ხმა და ოთახის კარი გაიღო.
უცებ კატომ მურაბის ცარიელი ქილა ნიკოს მიაჩეჩა და დედასთან მიირბინა.
– ნიკომ საკუჭნაოდან მურაბის ქილა დაუკითხავად გამოიტანა და სულ შეჭამა, მე კი გავუწყერი, – იცრუა ურცხვად.
ნიკოს ეწყინა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
– ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, – თქვა დედამ და სარკისკენ შეაბრუნა კატო. სარკიდან მურაბით პირდათხუპნილი გოგონა იმზირებოდა, რომელიც ძალიან ჰგავდა კატოს. შერცხვენილმა გოგონამ თავი დახარა და აწითლებული სახე დამალა.
– მაპატიე, – ამოულუღლუღა და დედას მიეკრა.
– გემრიელი იყო? – ღიმილით ჰკითხა დედამ და მურაბის ქურდები ჩაიხუტა.

 

სიტყვების სკივრი

საკუჭნაო – სურსათ-სანოვაგის შესანახი ოთახი
გავუწყერი – გავუბრაზდი, გავუჯავრდი
იცრუა ურცხვად – უსირცხვილოდ მოიტყუა
იმზირებოდა – იყურებოდა
ამოილუღლუღა – ძლივს თქვა

დავალებების თეგები: მურაბის ქურდები, სტარტი 1, ტექსტის გააზრება
დაბრუნება:სტარტი 1 > მურაბის ქურდები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *