წიგნირის-ბანერრი-მშობლებისთვის

გამარჯობა, მკითხველო! მინდა გიამბოთ, თუ როგორ ვიმოგზაურეთ მე და ჩემმა შვილმა წიგნის საოცარ სამყაროში…

როცა ხელში ავიღე წიგნი „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, ბევრი ვიფიქრე, ჩემი ცელქი ბიჭუნა როგორ დამეინტერესებინა კითხვით (მანამდე პატარ-პატარა მოთხრობების კითხვით შემოვიფარგლებოდით).

მე, როგორც მშობელმა, არჩევანი ამ საოცარ წიგნზე შევაჩერე. ჩემი შვილიც ხომ ამ წიგნის პერსონაჟი ბუჭუნას ტოლია; რვა წლის ბიჭებს კი ყოველთვის აქვთ „თავიანთი სამყარო“, „ჩაკეტილი სივრცე“, რომელიც მარტო მათია და შიგნით არავის უშვებენ. ალბათ ჩემი შვილი ამ პერსონაჟთან იდუმალ ბავშვურ კავშირს დაინახავდა. ამიტომ გადავწყვიტე, მისი სულის ფაქიზ ნაწილს შევხებოდი და გრძნობები სწორად მემართა.

ასე დავიწყე: „დეე, ნახე რა ვიპოვე! ამ წიგნში ერთ ბიჭუნაზე წერია, რომელიც შენი ტოლია. არ გინდა, წავიკითხოთ, რა გადახდა თავს?“

პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო, დავიწყეთ კითხვა. ყოველი ეპიზოდის დასრულებისას ხან იცინოდა, ხან კითხვების კორიანტელს მაყრიდა. მივხვდი, ძალიან დაინტერესდა. მთელი ეს პერიოდი ბიჭუნას ცხოვრებით ვცხოვრობდით, მასთან ერთად დავუმეგობრდით მსოფლიოში უბადლო კაცუნა კარლსონს. უამრავი მხიარული საღამო გავატარეთ ერთად… ბოლო გვერდიც ჩავამთავრეთ და… ჩემი შვილის თვალებზე ცრემლი აკიაფდა! ეს იყო ემოციით, წიგნის კითხვის კმაყოფილებით მიღებული ცრემლი, ბედნიერების, ახლის შეგრძნებით გამოწვეული აქამდე უცნობი განცდა…

„რა იქნება, დეე, მერე? მე რომ კარლსონი მომენატრება?“

ნაღვლიანი წავიდა სკოლაში. მე კი, გამუდმებით ვფიქრობდი, რა პასუხი გამეცა. დავუმზადე კარლსონის თოჯინა, სკოლიდან დაბრუნებულს დავახვედრე. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა: „დედა, კარლსონი აქაა, ჩემთან, სულ ჩემთან იქნება! როცა მომენატრება, ხომ შეიძლება ხელახლა წავიკითხო?“ მიმიხვდა… სწორად მიხვდა.

ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავბრუნდეთ ბავშვობაში და წიგნით მიღებული ემოციები ბევრჯერ განვიცადოთ.

მსურდა, ამით ჩემი სიხარული გადმომეცა, სიხარული, თუ როგორ შევაყვარე ჩემს ცელქ ბიჭუნას კითხვა…

შორენა ყალიჩავა


ჩემი შვიდი წლის გოგოს გამორჩეულად საყვარელი წიგნი „ბულერბიელი ბავშვები“ იყო, სანამ თურბიორნ ეგნერის „ილის ქალაქს“ წავიკითხავდით. მაგრამ აი, ერთ დღეს ეს იდუმალი, იისფერყდიანი წიგნი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და ორივეს გულში ალბათ სამუდამო ადგილი დაიკავა; ზუსტად ისეთი, როგორიც „ბულერბიელ ბავშვების“ უჭირავს უკვე დიდი ხანია (არადა ნახევარი ცხოვრება გავიარე უკვე). როცა ჩემს გოგონას ვკითხე, რომელ წიგნზე დავწერო-მეთქი, მეგონა, „ბულერბიელ ბავშვებს“ დამისახელებდა (ცოტათი „მადიკენზეც“ მქონდა ეჭვი, „პეპიზეც“), მაგრამ „ილის ქალაქიო“, გამომიცხადა. როცა ვკითხე, რატომ აირჩია ეს წიგნი, თვალები გაუნათდა და ზუსტად ისე გაიღიმა, როგორც მისი კითხვისას იღიმებოდა ხოლმე, სულგანაბული რომ მისმენდა და ბევრ მომენტში – ბედნიერიც. ბედნიერი იყო, მაგალითად, როცა ვკითხულობდით ეპიზოდს ყაჩაღების დაპატიმრების შემდეგ, როცა ისინი დიდი პატივით მიაბრძანეს „ციხის“ სუფთა და ნათელ საკანში, სადაც მოხერხებულ საწოლებსა და სკამებზე ნებივრობდნენ და პოლიციის უფროსის მეუღლის მიერ მორთმეული გემრიელი სადილ-საუზმეები, მისი გამომცხვარი ნამცხვრები, ცხელი ყავა და სუფრაზე ლარნაკით ყვავილებიც კი არ აკლდათ; როცა პოლიციის კეთილმა უფროსმა, მისმა მეუღლემ და სხვა მოქალაქეებმა ეს გაგარეულებული სამეული სისუფთავესაც შეაჩვიეს, საკუთარ თავზე ზრუნვასაც და ადრინდელი პროფესია – მუსიკოსობაც კი გაახსენებინეს; მერე კი სამივეს სამსახური უშოვეს, სათანადო პატივიც მიაგეს გამოჩენილი კარგი ქცევისთვის და ოცნებებიც კი აუსრულეს, რის გამოც ყოფილი ყაჩაღებიც მოგებულები დარჩნენ, სხვა მოქალაქეებიც და ყველა უწინდელზე კიდევ უფრო ბედნიერად ცხოვრობდა.

ბავშვის სული კეთილი, ფაქიზი და სუფთაა. მას ასეთივე სიკეთით, სისუფთავით და სინათლით გამორჩეული ყველაფერი განსაკუთრებით ებეჭდება პატარა გულსა და გონებაში. სწორედ ამიტომ გახდა „ილის ქალაქი“ ჩვენი საყვარელი წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ბევრი კეთილი და ლამაზი ამბავი გვქონდა წაკითხული და ვფიქრობდი, არჩევანი ხომ არ გაუჭირდებოდა ჩემს პატარას.

ნამდვილად ყველას ვურჩევ ამ სიკეთით სავსე ნაწარმოების წაკითხვას. ბავშვი კი არა, მეც ისე მოვიხიბლე და ისეთი ბედნიერი ვარ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემ მიერ წაკითხული წიგნების სიას ეს მშვენიერი ამბავიც რომ შეემატა, რომ მინდა, არავინ მოიკლოს ეს სიამოვნება. თქვენს დიდურ ცხოვრებას ეს ნათელი, მზიანი ამბავი მართლაც სხივივით გაანათებს, სულს გაგითბობთ და ყველაფერს ცუდს დაგავიწყებთ, თქვენს პატარა შვილებს კი იმ საძირკვლის ჩაყრასა და გამყარებაში დაეხმარება, რომელზეც მომავალი ცხოვრება უნდა დააშენონ.

ეს წიგნი, რომელიც ერთ ძალზე ბედნიერ ქალაქზე გვიამბობს, ბევრ რამეს ასწავლის ბავშვებს. ილის ქალაქში მართლა ყველა ბედნიერია, ბედნიერებას კი ისევე უნდა სწავლა, როგორც ბევრ სხვა რამეს; წიგნი ასევე გვასწავლის, რომ ყველამ პატიოსნად უნდა იშრომოს, ბავშვებმა კი მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად ისწავლონ. ამ ქალაქში ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს ეხმარებიან, მეგობრულად ესალმებიან, სწამთ, რომ ყველა პროფესიას პატივს უნდა სცენ… აქ ყველას ნიჭი და უნარია დაფასებული, საერთო საქმისთვის სასიკეთოდ გამოყენებული. ენამწარე და მკაცრი დეიდა სოფიეც კი სულ თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებასა და წესრიგზე ფიქრობს; პოლიციის კეთილი უფროსი გამუდმებით იმაზე ზრუნავს, მოქალაქეებმა კარგად იგრძნონ თავი, ყველას მოუწოდებს, სიკეთე აკეთონ; ქალაქის უხუცეს მცხოვრებს ყველა უჯერებს, ჭკუას ეკითხება, პატივს სცემს, ქალაქზე ზრუნვასა და ამაგს უფასებს, მის იუბილეს მთელი ქალაქი ზეიმით აღნიშნავს… უცხო ქვეყნიდან ჩამოყვანილმა თუთიყუშმაც კი აქ დაიწყო სიამოვნებით გალობა; ყაჩაღებიც კი სიყვარულითა და სიკეთით არიან სავსეები… მოკლედ, რომ ვთქვა, მთელი წიგნი წესიერებისა და სწორად ცხოვრების საუკეთესო მაგალითს გვიჩვენებს და გვასწავლის, რომ სიზარმაცეს და მოუწესრიგებლობას კარგი არაფერი მოჰყვება შედეგად.

ეს ის წიგნია, რომლისნაირიც ბევრი უნდა იწერებოდეს, ითარგმნებოდეს და გამოიცემოდეს, რადგან ასეთი წიგნებით იზრდებიან ბავშვები ნამდვილ ადამიანებად, სწავლობენ სხვა ადამიანების სიყვარულს, ერთმანეთზე, ცხოველებზე, საკუთარ ქალაქზე (სოფელზე), ქვეყანაზე ზრუნვას, დახმარებას, სიკეთეს, გულისხმიერებას, ყველასა და ყველაფრის სათანადო პატივისცემას და საბოლოოდ, ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან საკუთარი ქვეყნისა თუ ჩვენი საერთო დიდი სამშობლოს – დედამიწისთვის.

ლალი აფციაური

Tags: