ყველაზე წიგნიერი - კონკურსი მასწავლებლებისთვის

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაკავდნენ წიგნის კითხვით, რადგან თანამედროვე ციფრული სამყარო მოზარდს ამ მიმართულებით არ იზიდავს.

ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ მოზარდების უმრავლესობა მხოლოდ კომპიუტერით, ტელეფონით თუ სხვა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით არის გადატვირთული და წიგნების კითხვა აღარაა აქტუალური თემა, წიგნმა რატომღაც გვერდზე გადაინაცვლა.

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის ის გზები და საშუალებები იქნება განხილული ჩემს სტატიაში, რომელთაც ვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

მოსწავლეებში წიგნიერების წასახალისებლად ხშირად ვიყენებ სხვადასხვა მიდგომას; მაგალითად, პროგრამული მხატვრული ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებს ვავალებ, მათ მიერ წაკითხული მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი ამოგზაურონ რომელიმე ტექსტში, ვსვამ შეკითხვებს, როგორ მოიქცეოდა ესა თუ ის გმირი, ამა თუ იმ სიტუაციაში რომ მოხვედრილიყო; ასევე ვიყენებ წაკითხული ნაწარმოების დასურათების ტექნიკას, მოვაწყვე კონკურსი სკოლაში „გაუკეთე ილუსტრაცია წიგნს“; ხშირად, როცა გაკვეთილს ვხსნი და ნაწარმოები ფილმადაც არის გადაღებული, მოსწავლეებს ვეკითხები, თუ აქვთ ფილმი ნანახი და თუ შეულიათ წიგნისა და ფილმის შედარება; ვცდილობ, მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ტექსტის გააზრებისას. ამიტომ ვსვამ ხოლმე ასეთ შეკითხვებს: შენ როგორ მოიქცეოდი? რას შეცვლიდი? და ა.შ, პროექტებით სწავლების მეთოდსაც ვიყენებ ე-თვინინგ პლატფორმის გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობას; საგანმანათლებლო სფეროში განვახორციელეთ პროექტი „ვიყოთ კრეატიულები“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წარმოეჩინათ თავიანთი ქვეყნის საყვარელი მწერალი, ჩაეტარებინათ ამის პრეზენტაცია მონაწილე მოსწავლეებისათვის. ჩემმა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას.

სკოლაში 23 აპრილს წიგნის დღესთან დაკავშირებით უკვე 2 წელია დავამკვიდრეთ ტრადიცია – „აჩუქე წიგნი.“ ჩემი მოსწავლეები სიხარულით ჩუქნიან ერთმანეთს წიგნებს, რამაც კითხვის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს (5 თებერვალი) სკოლაში არსებულ კლუბ „საფიხვნოს“ ინიციატივით ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე: „ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ მსოფლიო“. კონფერენციაში მონაწილეობა მიღო 30-მა მოსწავლემ (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურიდან). მათ წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები, გაგვაცნეს საყვარელი წიგნები და ავტორები და ერთმანეთისგან წიგნის სიკეთეების შესახებ ბევრი რამ მოისმინეს. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ერთხმად წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ ეპილოგი. კონფერენციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები. მოხდა ინფორმაცის გაცვლა, გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში დავაწესეთ ასეთი ტრადიციაც: მოსწავლეები გამორჩეული თარიღების აღსანიშნავად ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან და მერე ერთმანეთს უზიარებენ წაკითხულის შესახებ ინფორმაციას. ამისათვის გამოვყავით სემესტრში ერთი დღე, ვატარებთ დისკუსიას თემაზე – „გააზიარე წიგნი, გააზიარე ემოცია“, სადაც მოსწავლეები საინტერესო ხედვებს წარმოადგენენ.

მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ხშირად მაქვს საუბარი მშობლებთან თუ როგორ შეიძლება მოვწყვიტოთ ბავშვი ციფრულ ტექნოლოგიებს. ვურჩევ, შვილებთან ერთად წავიდნენ წიგნის მაღაზიებში, ბიბლიოთეკებში, ერთად იკითხონ ახალ-ახალი ნაწარმოებები და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. აღსანიშნავია, რომ მშობელთა მხრიდან შემოთავაზების თანახმად მივიღე გადაწყვეტილება და ყოველი თვის ბოლო პარასკევს დავაწესეთ მკითხველთა დღე: „რა წავიკითხე საინტერესო უფროსებთან ერთად“. ჩვენ ამ დღეს მშობლებთან ერთად ვიკრიბებით და მშობლებიც და მოსწავლეებიც ერთმანეთს ვუზიარებთ წაკითხულის შესახებ ინფორმაციას .

ასეთი მიდგომების გამოყენებით ბევრ მოსწავლეს შევაყვარე კითხვა და ისინი უფრო მდიდარი ლექსიკით, კრეატიული აზროვნებით, სოციალური აქტიურობით გამოირჩევიან.

წასაკითხი ლიტერატურის რჩევისას აუცილებლად ვითვალისწინებ მათ ასაკს, კოგნიტური განვითარების საფეხურს, ინტერესის სფეროს, იმ პროგრამულ მასალას, რომელსაც ვასწავლი, რომ მათ დაუკავშირონ წაკითხული წიგნი.

დღესდღეობით სკოლა კითხვის პოპულარიზაციის კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. დგება საშიშროება, რომ მოსწავლეები მთლიანად მოსწყდნენ წიგნს და ვფიქრობ, გამოსავალი ერთია – ჩვენ, მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი თაობის წიგნისკენ შემობრუნების პროცესს. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი პატარა სკოლაა, სადაც მოსწავლეები განხილული აქტივობების გამოყენებით ჩართულები არიან მსოფლიო ლიტერატურულ მარათონში.

ნათელა ღლონტი,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი


დღეს უამრავი პრობლემაა სკოლაში და ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონეა – ის, რომ ჩვენი მოსწავლეები სასურველი ინტენსივობით არ კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას; ის, რომ წიგნი მთლიანად ჩაანაცვლა კომპიუტერმა; ის, რომ უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ამა თუ იმ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ნახონ, უარეს შემთხვევაში – არც ერთ მათგანზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა; ის, რომ ჩვენმა ბავშვებმა არ იციან, რომ, როგორც მარიო ვარგას ლიოსა იტყოდა: „ჩვენ მიერ წაკითხული კარგი წიგნების გარეშე იმაზე უარესები ვიქნებოდით, ვიდრე ვართ; უფრო კონფორმისტები, უფრო მშვიდნი, უფრო მორჩილნი; პროგრესის მამოძრავებელი კრიტიკული სულისკვეთება კი საერთოდ არ იარსებებდა“.

ამ პრობლემის მოგვარებისათვის კი ჩვენგან ახალი თაობის მგზნებარე კიცხვა-ქილიკი კი არაა საჭირო, არამედ ამ სავალალო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების მოჩხრეკა, იმაზე დაფიქრება, რამ გამოიწვია ამგვარი გაუცხოება წიგნების მიმართ და სხვადასხვა გზისა და მეთოდის მოძებნა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად.

ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამისათვის, მე მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ -იმას, რასაც წლებია, აქტიურად ვიყენებ ბავშვებთან მუშაობისას და რასაც, თუ დამიჯერებთ, ნამდვილად მოჰყვა გარკვეული შედეგი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა შემდეგია: მოსწავლეებს კვირაში ერთხელ ვაწყობინებ თავიანთი წაკითხული წიგნების პრეზენტაციას კლასის წინაშე – ესა თუ ის მოსწავლე ირჩევს წიგნს, რომელზეც სურს, ისაუბროს; მერე კლასს წარუდგენს 3-5 წუთიან პრეზენტაციას იმის საჩვენებლად, რატომ უნდა წაიკითხონ მისმა მეგობრებმა ეს წიგნი. შემდეგ კი უპასუხებს ამ წიგნის შესახებ დასმულ შეკითხვებს (საყურადღებოა, რომ თვითონ პრეზენტატორები ინტერესდებიან, რამდენს გაუჩნდა ამ წიგნის წაკითხვის სურვილი პრეზენტაციის შემდეგ, რამდენად საინტერესო და ეფექტური იყო მათი პრეზენტაცია.).

კიდევ ერთი რამ, რასაც ხშირად ვაკეთებ პატარებთან – მათი ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით ვურჩევ წიგნს, რომლის წაკითხვისათვის ვაძლევ გარკვეულ დროს – ერთ ან ორ კვირას (წიგნის მოცულობის მიხედვით), შემდეგ ერთ გაკვეთილს ვუთმობთ ამ წიგნის შესახებ მსჯელობას. ამ აქტივობის პარალელურად, მოსწავლეებისავე დახმარებით, აღვნუსხავ, ვინ რამდენი წიგნი წაიკითხა და ვაცხადებ კონკურსს – ვინ წაიკითხა ყველაზე მეტი წიგნი თვის, სემესტრის, წლის განმავლობაში. გამარჯვებულს სიმბოლურად ვაჯილდოებ. ჯილდო ისევ წიგნი შეიძლება იყოს ან სიგელი (ესეც გარკვეული სტიმული აღმოჩნდა!).

როცა ბავშვებს თანამედროვე მწერლების წიგნების წაკითხვას ვურჩევ, ვცდილობ, თუ წიგნი მოეწონებათ და სურვილი გაუჩნდათ, წერილები მივაწერინო ავტორისათვის. ასე მისწერეს წერილები „მხიარული ოჯახის“ ავტორს, ლელა ცუცქირიძესა და „სული-ჩიტის“ ავტორს, თამარ გეგეშიძეს. დამერწმუნეთ, არასოდეს დაავიწყდებათ მეექვსეკლასელ ლიზის თამარ გეგეშიძისა და მეოთხეკლასელ ანასა და მათეს ლელა ცუცქირიძის საპასუხო წერილები. ამ ამბავმა არა მარტო წერილების ადრესატები გაახარა, მათ თანაკლასელებსაც დიდი სტიმული მისცა, ამ წიგნებით დაინტერესებულიყვნენ და მათაც ჰქონოდათ ავტორებთან მიმოწერა.

ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების შესწავლის შემდეგ, ან წიგნის კვირეულის ფარგლებში ხშირად ვატარებ ლიტერატურულ ვიქტორინა-კონკურსებს. ვიქტორინის კითხვების რამდენიმე ნიმუშს აქაც შემოგთავაზებთ:

ვისი ნამდვილი სახელი და გვარია?
  1. ტერენტი კვირკველია
  2. ლუკა რაზიკაშვილი
  3. შიო ქუჩუკაშვილი
  4. კონდრატე თათარაშვილი
  5. უილიამ სინდი პორტერი
  6. სემუელ კლემენსი
  7. ნიკო რაზიკაშვილი
  8. ეგნატე ინგოროყვა
  9. ლეონ შენგელაია
  10. დიმიტრი ხოშტარია
  11. გიო ახვლედიანი
  12. შიო დედაბრიშვილი
ვინ არის ამ ნაწარმოების ავტორი?
  1. „მე რომ ფეხბურთელი ვიყო“
  2. „ტომ სოიერის თავგადასავალი“
  3. „ნოეს შვილი“
  4. „გრძელფეხება მამილო“
  5. „მიდი, ჰკითხე ალისას“
  6. „ანე ფრანკის დღიური“
  7. „მე არ მეშინია“
  8. „პატარა უფლისწული“
  9. „ქურდების მბრძანებელი“
  10. „ჰარი პოტერი“
  11. „ადამიანთა სევდა“
  12. პიტერ პენი“
  13. „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“
  14. „ცხოველების ფერმა“
  15. „ქართულის რვეულები“
  16. „საოცრება“
  17. „თევზი ხეზე“
  18. „პატარა მაწანწალები“
  19. „უსახლკარო“
  20. „ძმები ლომგულები“
რომელი ნაწარმოების გმირია? (დაასახელეთ ავტორი და ნაწარმოები)
  1. ჯერუშა ებოტი
  2. პეპი
  3. ოსკარი
  4. პინოკიო
  5. კაპიტანი ნემო
  6. ათოსი
  7. ჰეკლბერი ფინი
  8. ტოტია
  9. გივერგილი
  10. ფორტუნატო
შეაერთეთ ავტორები და მათი ნაწარმოებები
  1. ანა გავალდა                           „საოცრება“
  2. პალაციო                                „35 კილო იმედი“
  3. აკაკი წერეთელი                    „ჯინსების თაობა“
  4. ილია ჭავჭავაძე                      „სახელის მილოცვა“
  5. ვაჟა-ფშაველა                         „ჩემი ასავალ-დასავალი“
  6.  არნე სვინგენი                       „ძმები ლომგულები“
  7.  ეკატერინე გაბაშვილი          „ხევისბერი გოჩა“
  8. გიორგი ლეონიძე                  „ბაში-აჩუკი“
  9. ალექსანდრე ყაზბეგი           „ოთარაანთ ქვრივი“
  10. ჭაბუა ამირეჯიბი                  „ალუდა ქეთელაური“
  11. ოტია იოსელიანი                   „დათა თუთაშხია“
  12. გოდერძი ჩოხელი                 „საყმაწვილო სენი“
  13. დატო ტურაშვილი                „ხუჭუჭულა“
  14. კოტე ჯანდიერი                    „მაგდანას ლურჯა“
  15. ასტრიდ ლინდგრენი            „ბალადა გატეხილ ცხვირზე“

რაც შეეხება მოსწავლეებისათვის შერჩეულ ლიტერატურას, რომ არაფერი ვთქვა კლასიკაზე, ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, არ გამომრჩეს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სიახლე, თვალყურს ვადევნებ ახალ გამოცემებს, რომელთაც თავად ვეცნობი და მერე ვურჩევ ბავშვებსაც. ასე შევურჩიე პალაციოს „საოცრება“, „სიკეთე“, ერიკ-ემანუილ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „ნოეს შვილი“, ლელა ცუცქირიძის „მხიარული ოჯახი და სხვები“, თამარ გეგეშიძის „სული-ჩიტი“ კი წიგნების ერთ-ერთ ფესტივალზე აღმოვაჩინე, ავტორისავე ავტოგრაფით მოვიტანე შინ და სანამ ფოთში ჩამოვიდოდი, გზაშივე წავიკითხე. ძალიან დამეხმარა მაია მენაბდის, ელისო ნიჟარაძის, ბაკურ სულაკაურის და თეა ქიტოშვილის ავტორობით გამოცემული მე-7 კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელოც, რომელშიც ყოველი თავის დასრულებისას მითითებულია, „რა წავიკითხოთ ამ თემაზე“. ამ სიებს ჩემს მოსწავლეებს დაფაზე მივუკრავ ხოლმე და ვურჩევ, წაიკითხონ მითითებული ლიტერატურა.

ამგვარად, ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას დღეს სკოლა კითხვის პოპულარიზაციის კუთხით და მართლაც დიდი ძალისხმევა გვჭირდება, განსაკუთრებით სიტყვიერების მასწავლებლებს, რომ მოსწავლეებს ისევ შევაყვაროთ წიგნები, რომლებსაც ასე გაუუცხოვდა ახალი თაობა. მე რამდენიმე ის მეთოდი შემოგთავაზეთ, რომელთაც დიდი ხანია, ვიყენებ პატარებთან, განსაკუთრებით, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებთან, ხოლო, როცა ისინი წიგნებს „დაიგემოვნებენ“, კითხვით მინიჭებულ სიამოვნებას იგრძნობენ, მერე უკვე უფროსკლასელებთან უფრო ადვილდება მუშაობა. კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ, გამოსავალსაც ასე ვხედავ – აუცილებელია, მოსწავლეებს შევურჩიოთ თავიანთი ასაკის შესაფერისი ლიტერატურა, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მივანიჭოთ მათ თავისუფლება, თავადვე განსაზღვრონ, რომელი ჟანრის ლიტერატურა იზიდავთ, ჰყავდეთ საყვარელი ავტორი ან პერსონაჟი, რომელიც შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს ჩვენი საყვარელი ავტორებისა და პერსონაჟებისაგან. მთავარია, არ ავუკრძალოთ, საკუთარი შეხედულება იქონიონ ამა თუ იმ პერსონაჟსა თუ ავტორზე, მივაჩვიოთ არა მხოლოდ კითხვას, არამედ ტექსტის საფუძვლიან გაანალიზებასაც, სტრიქონებშუა ნაგულისხმევის ამოცნობასაც, რათა განუვითარდეთ პრობლემათა ხედვისა და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრის უნარი.

ლეილა ხონელიძე,
სსიპ ქალაქ ფოთის ი. ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


კითხვის საიდუმლო

21-ე საუკუნეში, როცა ამდენი გასართობია, როცა კომპიუტერი ბავშვებს ეშმაკურად თვალს უკრავს და მისკენ სათამაშოდ იწვევს, რთულია, იგი წიგნთან მიიყვანო. როცა ამდენი ალტერნატიული საშუალებაა, რატომ უნდა წაიკითხოს? მხოლოდ საპროგრამო ტექსტები ბავშვს ვერ განავითარებს. მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა კი მოსაწყენ, რთულ, მომაბეზრებელ პროცესად ეჩვენებათ. წიგნის დანახვისას მესმის ჩვეული ფრაზები: „აუ, მას, რამხელაა! ამას როდის დავამთავრებ“, „მას, ამაში დროის დახარჯვას სჯობს, საღამოს რაიმე ვითამაშო.“ ვფიქრობ, ამ პრობლემის წინაშე არა მარტო მე, არამედ სკოლებისა და მასწავლებელთა უმრავლესობა დგას. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა, ბავშვებისთვის ლიტერატურის ფრთხილად და საინტერესოდ მიწოდებაა.

ვიცოდი, რომ ხელი არ უნდა ჩამექნია. მინდოდა, როგორმე კითხვა სიამოვნებად მექცია ბავშვებისთვის. ვფიქრობდი, როგორ ჩამერთო მათთვის საყვარელი კომპიუტერი ამ პროცესში. მინდოდა, მიმხვდარიყვნენ, რომ კომპიუტერი მხოლოდ გასართობი საშუალება არ არის. ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, მათთვის ყოველ შაბათ-კვირას ელექტრონულად გამეგზავნა მცირე მოცულობის მოთხრობები, წაიკითხავდნენ კომპიუტერში ან პლანშეტში და ორშაბათს განვიხილავდით. პირველ ჯერზე კლასის ნახევარმა წაიკითხა. მეტი მოტივაციისთვის, ორშაბათს ჩავედით სკოლის ეზოში და ჭიქა ჩაისა და ნუგბარის თანხლებით განვიხილეთ მოთხრობა. აღფრთოვანებულები იყვნენ, მთელი დღის განმავლობაში ჰყვებოდნენ, მასწავლებელთან ერთად როგორ დალიეს ჩაი და ისაუბრეს ლიტერატურაზე. მომდევნო ორშაბათს მკითხველთა რაოდენობა გაიზარდა. ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ტექსტის მოცულობის გაზრდა დავიწყე და ჩვეულებად გვექცა შაბათ-კვირას ელექტრონულად წაკითხული ტექსტების ორშაბათს ჩაის თანხლებით განხილვა. ამის შედეგად ჩამოვაყალიბეთ მკითხველთა კლუბი „წიგნომანები“, რომელშიც კლასის ყველა მოსწავლე გაერთიანდა (აუცილებელი პირობა იყო). ჩემს პირველ მიზანს მივაღწიე – კითხვით დაინტერესდნენ. ახლა კი მინდოდა, ტექსტი მონიტორზე კი არა, უშუალოდ წიგნიდან წაეკითხათ. მივხვდი, მათი კითხვის გზა „საკვებზე გადიოდა“. ამიტომ ვუთხარი, თუ წიგნს წაიკითხავდნენ, განხილვას მოვაწყობდით კაფეში, ან პიკნიკზე წავიდოდით ბუნებაში. ვინც არ წაიკითხავდა, ის კლასში დარჩებოდა. ამან მეტი მოტივაცია მისცა ბავშვებს. მათ უნდა მოესწროთ დათქმულ ვადაში წაკითხვა. წასაკითხად ერთი თვე მივეცი.

ჩემი მოლოდინი გამართლდა. რა თქმა უნდა, პირველივე ჯერზე ყველა არ ჩაერთო გამოწვევაში. ვინც წაიკითხა, უფრო მეტად კაფეში წასვლის ხალისის გამო. ის უფრო აინტერესებდათ, პიცა როგორი იყო, ვიდრე ის, თუ როგორ იძიებდა პატარა კალე ბლუმკვისტი ამბებს, ან ბარის რატომ არ მოსწონდა თავისი მშობლები. აღფრთოვანებულნი დაბრუნდნენ კლასში, არაფორმალურ და სასიამოვნო გარემოში სადილი, წიგნის განხილვა, ლიტერატურული თამაშები ძალიან მოეწონათ. შემდეგ ჯერზე უფრო მეტი ჩაერთო ამ გამოწვევაში. უმეტესობა უკვე კითხვის სიამოვნების გამო, ზოგიერთი – პიცის და ზოგმაც კლასში დარჩენა ითაკილა.

ჩვენ წასაკითხი ლიტერატურის არჩევის სამი გზა გვაქვს:

  1. ვფიქრობ, არსებობს წიგნები, რომლებიც აუცილებლად ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული. ასეთ წიგნებს ვარჩევ მათი ასაკის მიხედვით და სახალისოდ წარვადგენ კლასში ბავშვების დასაინტერესებლად.
  2. ზოგჯერ ორი ან სამი წიგნი შემაქვს ერთდროულად, ყველას ანოტაციას ვაცნობ და თავად ირჩევენ, რომელი წაიკითხონ. განხილვის დროს კი ერთმანეთს აწონებენ თავიანთ წიგნებს და ცვლიან ხოლმე.
  3. რა თქმა უნდა, ბავშვს სჭირდება ლიტერატურული თავისუფლება. ზოგჯერ ისინი თავად ირჩევენ იმ წიგნს, რომლის წაკითხვაც სურთ.

და ბოლოს, ჩემს მოსწავლეებს აღარ ეშინიათ კითხვის, ისინი კითხულობენ სიამოვნებით. არ ჰგონიათ, რომ ეს დროის უაზრო კარგვა იქნება. ისინი ინტერესით, ხალისით, იმედით ელოდებიან მორიგ წიგნს.

სალომე ღლონტი,
ბათუმი. „მეგასკოლა“

Tags: