ისწავლე-სახლში

არდადეგებზე წიგნის კითხვა ბავშვებისთვის დიდი გამოწვევაა;

მით უფრო – ახალ წელს, როდესაც მათთვის ყველაფერი განსაკუთრებით საზეიმო და ჯადოსნურია; და რადგან კითხვა ბავშვებისთვის ხშირად მეცადინეობასა და ვალდებულებებთან ასოცირდება, საახალწლო მხიარულ გეგმებში მისთვის ადგილი, სავარაუდოდ, არ მოიძებნება. თუმცა იმისთვის, რომ ახალ სასწავლო სემესტრამდე მოსწავლე „რეჟიმიდან არ ამოვარდეს“, სასურველია, გონებრივი აქტივობები არდადეგების დროსაც გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში კი მთავარი ხდება რა ფორმით დავაინტერესებთ ბავშვებს და რას შევთავაზებთ. 

„სულაკაურის გამომცემლობის“ საბავშვო წიგნების თაროზე მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად ერთი ძალიან საინტერესო და ფუნქციურად დატვირთული სერია შეგხვდებათ – „ისწავლე სახლში“.  სერია განკუთვნილია 1-4 კლასის ბავშვებისთვის და მასში შემავალი ტექსტები ზუსტად ითვალისწინებს შესაბამისი ასაკის მოზარდის შესაძლებლობებს; სავარჯიშოები და აქტივობები კი დაეხმარება წაკითხულის გააზრებაში, გამოუმუშავებს საჭირო უნარებს და დააინტერესებს მხატვრული ლიტერატურით.

„ისწავლე სახლში“ ამავდროულად დამხმარე სასწავლო რესურსია, რომელსაც სკოლაში  აქტიურად იყენებენ მასწავლებლები დამოუკიდებელი სამუშაოსა და საშინაო დავალებებისთვის. ასე რომ, არდადეგებზე მისი კითხვა ბავშვებს ერთდროულად მხატვრულ ლიტერატურასაც აზიარებს, და თან მარტივი და სახალისო დავალებების შესრულებით სწავლასა და მეცადინეობასაც არ გადაეჩვევა.

ახალი წლის დღეები საუკეთესო დროა ოჯახური შეკრებისთვის, ოჯახური შეკრება კი –   საუკეთესო გარემო კითხვისთვის. ამიტომ, მშობლებს შეგიძლიათ სცადოთ და ე.წ. ოჯახურ დღესასწაულზე ახალ – წიგნის კითხვის ტრადიციას – საზეიმოდ ჩაუყაროთ საფუძველი.

იკითხეთ ბავშვებთან ერთად. თუ თქვენი შვილი ჯერ პატარაა და დამოუკიდებლად ვერ კითხულობს, წაუკითხეთ წიგნები თავად. ეცადეთ, იმისთვის, რომ ყველაფერმა ტრადიციის სახე მიიღოს, ყოველდღე კონკრეტული დრო და ადგილი გამოყოთ ამ მხიარული თავყრილობისთვის.

სხვათა შორის, ადგილი შემთხვევით არ ვახსენეთ. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც იმყოფება, თამაშობს. დაჰკვირვებიხართ ალბათ, რომ ხშირად ისინი თავად ცდილობენ მოიწყონ სასურველი და კომფორტული სივრცე. აჰყევით მათ, ან შესთავაზეთ ნებისმიერი იმიტირებული გარემოს შექმნა (კარავი, პლაჟი, პიკნიკი, შტაბი…). სულაც, შეგიძლიათ, სამკითხველო კუთხე მოაწყოთ, სადაც გამოფენთ მათ ნახატებს, ფოტოებს. მოკლედ, უმნიშვნელოვანესია, კითხვა მათთვის კომფორტთან, დაცულობასა და სილამაზესთან ასოცირდებოდეს.

ცხადია, ისიც შეგიმჩნევიათ, რომ რამდენადაც სკოლაში სიარული მოსწავლეებისთვის არცთუ სახალისო ყოველდღიურობაა, „სკოლობანას“ თამაში მათ განსაკუთრებულად უყვართ. აქ პირობითობა და როლური თამაშები გადამწყვეტია და ისინიც სიამოვნებით ითავსებენ ხან მკაცრი, ხან ლოიალური მასწავლებლის, ხანაც სხვადასხვა მოსწავლის როლს. „ისწავლე სახლში“ თქვენ ამ თამაშის ორგანიზებაში დაგეხმარებათ, ბავშვებისთვის კი გართობისა და შემეცნების პროცესი უფრო სახალისო და შედეგიანი გახდება.

სადღესასწაულო პერიოდში დაგეგმეთ, მაგალითად, „მხატვრული კითხვის საღამოები“. სანამ უფროსები სამზარეულოში საქმიანობთ, შეგიძლიათ თქვენი პატარები (რიგრიგობით) „მხატვრული კითხვის ოსტატებად“ გამოაცხადოთ და სთხოვოთ ხმამაღლა, ყველასთვის წაიკითხონ ტექსტი, მერე კი ერთად ჩაებათ დავალებების შესრულებაში. შეგიძლიათ, ტექსტებში ნახსენები ადგილები ჩამოწეროთ და მათი მონახულების გეგმა შეადგინოთ, ასევე პერსონაჟების საყვარელი კერძების რეცეპტები მოიძიოთ და თუნდაც საახალწლო სუფრაზე ერთი მათგანი მოამზადოთ კიდეც.

თუ სახლში სკოლამდელი ასაკის ან პირველკლასელი ბავშვი გყავთ, რომელმაც წერა და კითხვა არ იცის, შესაძლებელია, წაკითხულის ილუსტრირება სთხოვოთ და მერე ამ ნახატების გამოფენა სახლში საზეიმოდ გახსნათ.

ამ ასაკის ბავშვებს ერთი სული აქვთ  სანტა კლაუსს თუ თოვლის ბაბუას დამოუკიდებლად, თქვენი ჩარევის გარეშე მისწერონ საჩუქრების სია. სერიის „ისწავლე სახლში“ პირველი კლასისთვის განკუთვნილი რვეულები მათ ამ სურვილსაც აუსრულებს. ანბანის და წერის შესასწავლი თვალსაჩინო მაგალითები ბავშვებს თავიანთი ოცნებების ქაღალდზე გადატანაში დაეხმარება.

წინ ბავშვების საყვარელი დღეებია. ხოლო თუკი მშობლები ამ პერიოდს ეფექტურად გამოვიყენებთ, მომავალში ჩვენი შვილებისთვის კითხვაც ჯადოსნურ და სასიამოვნო განწყობასთან იქნება ასოცირებული. „სულაკაურის გამომცემლობის“ საბავშო წიგნების თაროზე კი უამრავი საინტერესო წიგნია, რომელიც ახალ მკითხველს ელოდება.

Tags: