უკვე მეორე წელია, სულაკაურის გამომცემლობის საგანმანათლებლო მიმართულებას უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი – „სტარტი“ – შეემატა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტეგრირებული გაკვეთილების ჩასატარებლად. რესურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია და პოპულარობით სარგებლობს საგანმანათლებლო წრეებში. უკვე რამდენიმე თვეა, „სტარტის“ ონლაინ ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: sulakauri.edu.ge
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი, „სულაკაურის გამომცემლობის“ საპატიო ავტორი, დაწყებითი საფეხურისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი ნათია კურტანიძე გვირჩევს:
– რას ემსახურება ინტეგრირებული გაკვეთილები სწავლების დაწყებით საფეხურზე? ბავშვების რა უნარების წარმოჩენასა და განვითარებას?
ნათია კურტანიძე: – ინტეგრირებულ სწავლებას დაწყებით საფეხურზე დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, ამაზე აღარავინ დავობს. სწორედ ამ ტიპის გაკვეთილები მაძლევს საშუალებას, რომ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიო სინთეზურ აზროვნებას და ნათლად დავანახო საგანთა შორის კავშირები, რათა შეძლონ ერთი საგნის ფარგლებში შესწავლილი საკითხების გამოყენება სხვა საგნის შესწავლისას, ერთმანეთთან დააკავშირონ ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნა და შექმნან ერთი მთლიანი, ფართო წარმოდგენა ჩვენს სამყაროზე. ინტეგრირებული სწავლების დროს მოსწავლეები ადვილად ახერხებენ შესასწავლი მასალის მიზნობრიობის გააზრებას და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებას.
– როგორ იგეგმება ინტეგრირებული გაკვეთილი? რა სასწავლო რესურსებით ხელმძღვანელობთ ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას?
ნ.კ: – მე, როგორც მასწავლებელი, მუდამ ვცდილობ, საინტერესო და სახალისო გავხადო სასწავლო პროცესი. სწორედ ამაში მეხმარება „სულაკაურის გამომცემლობის“ დამატებითი სასწავლო რესურსი „სტარტი“, რომელსაც უკვე მეორე წელია ეფექტურად ვიყენებ. „სტარტი“ აერთიანებს ორიგინალურ, სპეციალურად ინტეგრირებული გაკვეთილისთვის შექმნილ ტექსტებს, სახალისო სავარჯიშოებსა და აქტივობებს დაწყებით საფეხურზე ძირითად საგნებში (ქართული, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, მე და საზოგადოება). მასწავლებლისთვის დიდი კომფორტია, რომ არსებობს უკვე გამზადებული რესურსი, რომელიც გვიზოგავს დროს (ჩვენ არ გვჭირდება კონკრეტული თემის, ტექსტებისა თუ საგნების მოძიება და დაკავშირება) და ამ დროს მაქსიმალურად ვახმართ მოსწავლის შედეგების გაანალიზებას და მათი ცოდნის განმტკიცებაზე მუშაობას.
– გეთანხმებით, მასწავლებლისთვის ნამდვილად დიდი შეღავათია ასეთი რესურსის არსებობა და ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება მოსწავლეებს. როგორია მათი განწყობა? რამდენად საინტერესოა მათთვის ამ ტიპის გაკვეთილები და ამგვარ სახელმძღვანელოსთან ურთიერთობა?
ნ.კ: – მოსწავლეებმა იმდენად შეიყვარეს, რომ თავად ითხოვენ გაკვეთილზე მის ხშირ გამოყენებას და სახლში, დამოუკიდებლადაც მუშაობენ. ძალიან მოსწონთ და ხალისით ასრულებენ სავარჯიშოებს, ტესტებს, კითხულობენ საინტერესო ამბებს, აკეთებენ ჩანახატებს, მსჯელობენ, აკავშირებენ რეალურ ცხოვრებასთან და ა.შ. განსაკუთრებით მოსწონთ განყოფილება „მასწავლებლის კომენტარი“ და ყოველთვის ინტერესით ეცნობიან ჩემ მიერ მიწოდებულ წერილობით უკუკავშირს მათი შესრულებელი აქტივობების შესახებ. რესურსი შედგენილია ისე, რომ მასში მოცემულ ინტეგრირებულ თემებს შორის კავშირი ნათელი და ძალზე ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, ბავშვებს არასოდეს უჩნდებათ კითხვა: „რა საჭიროა ამისი სწავლა?“
– თქვენ აღნიშნეთ უმნიშვნელოვანესი რამ: „სტარტი“ თავისი სტრუქტურით მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ. კიდევ რა შედეგებს იღებს მოსწავლე „სტარტით“ მეცადინეობის პროცესში? რატომ უნდა იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა ამ რესურსით?
ნ.კ: – სულ ახლახანს დავტესტე ,,სტარტის“ ონლაინ ვერსია, რომლის ნახვა და გამოყენება (როგორც მოსწავლეებთან, ასევე შვილებთან) ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვებგვერდზე: sulakauri.edu.ge. საჭიროა მხოლოდ დარეგისტრირდეთ და ტესტს უფასოდ გაივლით. მინდა გითხრათ, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებიც კი აქტიურად ჩაერთნენ ამჯერად უკვე გაციფრულებული რესურსით მუშაობის პროცესში. გარდა ამისა, „სტარტის“ ონლაინ ვერსია არის გამზადებული რესურსი ისტ-ის გაკვეთილის ჩასატარებლად.
თამამად შემიძლია ვურჩიო „სტარტი“ კოლეგებს, რადგან დარწმუნებული ვარ, მათ პატარებსაც ძალიან მოეწონებათ, თავად პედაგოგებს კი გაუიოლებს ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად თემის შერჩევას. მოგეხსენებათ, ეს არც ისე იოლია. ,,სტარტი’’ სწორედ ის რესურსია, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს სხვადასხვა საგნის სტანდარტის მიხედვით შექმნილი მზა მასალით ჩაატაროს ინტეგრირებული გაკვეთილები, შეამოწმოს მოსწავლეთა შედეგები ამა თუ იმ დისციპლინაში და სინთეზური აზროვნების განვითარების კუთხით.