ბანერი-სტარტი-საუკეთესო-სტარტი-ინტეგრირებული-სწავლებისთვის

ინტეგრირებული ტესტების სერია „სტარტი“ აერთიანებს ტექსტებს, სახალისო სავარჯიშოებსა და აქტივობებს დაწყებითი საფეხურის შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, მე და საზოგადოება. რესურსი მასწავლებლებს მზა მასალას სთავაზობს, რომელიც მათ ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებასა და მოსწავლეთა შედეგების შემოწმების საშუალებას მისცემს. მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას შორის კავშირის დამყარებაში ეხმარება; მეორე მხრივ კი, სახალისოსა და საინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცესს.

“ოცდაათ წელზე მეტია, სკოლაში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე თაობა აღიზარდა ჩემს ხელში. ყოველთვის ვცდილობდი, მეკვლია ჩემი მოსწავლეების ინტერესები და სავალდებულო სასწავლო პროგრამასთან ერთად დამატებით შემეტანა ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც მოიცავდა ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო თემატიკას, სახალისო სავარჯიშოებსა და ინფორმაციას. ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესში ძირითადი სახელმძღვანელოს მნიშვნელობა ძალიან დიდია, თუმცა არასაკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად.

მას შემდეგ, რაც წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ შემოთავზებული დამატებითი რესურსები, მეც და ჩემი კოლეგებიც აქტიურად ვიყენებთ მათ. გამომცემლობის ხედვა საინტერესოა იმ მხრივ, რომ რესურსი ყოველთვის მრავალფეროვანია, მორგებულია ასაკობრივ საჭიროებებს, საშუალებას იძლევა ბავშვის ინტელექტუალური და კოგნიტური განვითარებისა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რადგან ისინი არიან ჩვენი ძირითადი დამკვეთები.

ახლაც დიდი მოლოდინი გვქონდა გამომცემლობის მიერ დაანონსებული ახალი დამატებითი კრებულის – „სტარტის“ გამოცემისა. წიგნი ფაქტობრივად გამოირჩევა აქამდე არსებული რესურსებისაგან. მასში ინტეგრირებულია ყველა დისციპლინა, რომელიც ისწავლება დაწყებით კლასებში.

დღეს უცხო არავისთვისაა, რომ ინტეგრირებული სწავლება მეტად მნიშვნელოვანია. ეს არამარტო სკოლის ინტერესია, არამედ საზოგადოების მოთხოვნაც.

ბავშვები განსხვავდებიან ტემპერამენტით, ნებელობით, მეხსიერებით, ინტერესით და სხვა უნარებით, ამიტომ აუცილებელია სწავლების პროცესში გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, კომბინირებული მეთოდიკა, რათა მასწავლებელმა შეძლოს ყველა მოსწავლემდე მიიტანოს ცოდნა.

ინტეგრირებული სწავლება თავისთავად მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებსა და სტრატეგიებს. ერთი თემის სხვადასხვა საგანში გაერთიანებითა და სწავლებით, მასწავლებელი ზოგავს დროს, რომელიც ცალკეული საგნებისთვის უნდა დაეთმო და მეტი დრო რჩება იმისათვის, რომ გამოიყენოს მრავალფეროვანი აქტივობები, ერთ თემა შეასწავლოს სხვადასხვა ხედვით. სწავლების ასეთი მიდგომა მოსწავლეს მართლაც დაანახებს, რომ სამყარო და მოვლენები მის გარშემო ერთი მთლიანობაა და ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივად უკავშირდება ერთმანეთს.

ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი საჭიროა შესაბამისი რესურსის არსებობა. ამ მხრივ „სტარტი“ ერთ-ერთი საუკეთესო რესურსია.  ერთ თემაში, ერთი ტექსტის ირგვლივ სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაზე მორგებული დავალებები საშუალებას იძლევა, დასმული პრობლემა განვიხილოთ როგორც ლიტერატურაში  (ვიმსჯელოთ პერსონაჟებზე, მოვლენებზე), ასევე ბუნებისმეტყველებასა თუ მათემატიკაში (და არა მარტო). საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ასევე მათემატიკური ამოცანების პირობებიც შეიცავს მეცნიერულ ინფორმაციას, რომელიც ისევ ტექსტს უკავშირდება და არ არის კონტექსტიდან მოწყვეტილი. მოსწავლე იწყებს ტექსტზე მუშაობას და ისე გადადის სხვა საგნების სავარჯიშოების შესრულებაზე, რომ აზრობრივ კავშირს არ წყვეტს თემასთან. იგი მოტივირებულია, რადგან მთლიანობაში ერთი თემა აუცილებლად მოიცავს მისთვის საინტერესო აქტივობებსაც. საბოლოოდ კი ეუფლება დამოუკიდებლად მუშაობის უნარს, იღრმავებს უკვე არსებულ ცოდნას და იძენს ახალს.

ვფიქრობ, „სტარტი“ იქნება ყველა მასწავლებლისა და მოსწავლის მეგზური ახალ, „ინტეგრირებული სწავლების“ სამყაროში, რომელიც სტარტს იღებს ახლა და ბევრ თაობას გაუკვალავს გზას.”

სსიპ – თბილისის N 161 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, მარიამ მაჭავარიანი

Tags: